თეგი: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ოკუპირებული გალის რაიონში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ოკუპირებული გალის რაიონში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. თუმცა მათი ცნობით, ახლა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ოკუპირებული გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. „მაგალითად კი, ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის. რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. მისივე თანახმად, 6 ივნისს ოკუპირებულ სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, ოკუპირებული გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ. „გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. „ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში“, - აცხადებს ორგანიზაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის. ორგანიზაციის თანახმად, 2023 წლის მაისის ბოლოს, გალში კრასნოდარის ოლქიდან სოციალური დახმარება ჩავიდა, რაც რუსეთის მიმართ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდას ისახავს მიზნად. „კრასნოდარის ოლქიდან სპეციალური სოციალური დახმარება ოკუპურებული გალის რაიონის იმ სოფლებისთვის ჩაიტანეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უკიდურესად უჭირს.  ესენია: ხუმუშკური, სიდა, გუდაა, წარჩე და ცხირი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რომელ ოჯახს კონკრეტულად რა საჭიროება ჰქონდა. მოსახლეობას დაურიგეს ტანსაცმელი, საკვები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოციალური დახმარების დარიგებისას მოსახლეობას მიუთითეს, ეფიქრათ, რა შეუძლია დიდ სახელმწიფოს; შეახსენეს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დახმარება მიიტანოს იმ ადგილებში, რომელიც არავის ახსოვს და დეტალებში იცოდეს, ვის რა უჭირს; რომ „რუსეთი არასდროს ივიწყებს ქრისტიან ძმებს, მთავარია მათ არ უღალატონ რუსეთს“. მოსახლეობას ისიც გაახსენეს, რომ 1991 წელს, როდესაც რუსეთმა „დატოვა“ აფხაზეთი, სწორედ მაშინ გაუჭირდათ და დაუმძიმდათ საცხოვრებელი პირობები და თუ ადგილობრივებს სურთ, რეგიონი კვლავ აღორძინდეს, ამისთვის რუსეთის დაბრუნებაა საჭირო“, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. მისივე თანახმად, სოფლებში, სადაც რუსული დახმარება დარიგდა, მოსახლეობა საგრძნობლად შემცირებულია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. „შესაბამისად, დიდია მათი კეთილგანწყობის მარტივად მოპოვების ალბათობა“, - მიიჩნევენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო აქტორებთან ერთად გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს ადგილობრივ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.   საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, მათი კომენტარი მასალაში აისახება.

DRI: „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლები პრაქტიკულად დაცლილია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეისწავლა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები - განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები მოინახულეს. „ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ გასულ წლებთან შედარებით, ადგილობრივი ხელისუფლება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთ დასახლებაში გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს და ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ამჟამად მოსახლეობის ძირითად პრობლემებს შორის ცენტრალური ადგილი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სოფლების მოსახლეობისგან დაცლაზე წუხილს უჭირავს. საოკუპაციო ხაზთან არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების პრობლემებმა, როგორც ჩანს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრაქტიკული დაცლა გამოიწვია,“ - წერს ორგანიზაცია. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქიდან 25-კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში 600-ზე მეტი კომლია და 1,300 მოსახლე ცხოვრობს. გამყოფი ხაზი გალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და განმუხურს შორის გადის. სოფლებს შორის არსებული „გადასასვლელი პუნქტი“ 2017 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. „საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს მცხოვრები სამი ოჯახის კარ-მიდამოს ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ნაწილი კი- ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია; ფაქტია, რომ 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი საგუშაგოების მზაობა ან/და პრევენციული ღონისძიებები რუსული საგუშაგოებისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მკვეთრად მოდუნებულია; გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, თითოეულ საგუშაგოზე მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ საგუშაგოები ფორმალურია და შინაარსობრივად გაუქმებული, ვინაიდან საოკუპაციო ძალებისგან საფრთხეს თითქოს აღარ მოელიან; უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მსგავსი მოდუნება გაკვირვებას იწვევს,“ - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.